რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა დარტყმები დილის პიკის საათში, ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა - ზელენსკი

11 ოქტომბერი 2022, 10:20 606 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთის სარაკეტო იერიშების შემდეგ მთელ ქვეყანაში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს დაავალა, რომ აღდგენის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი იყოს. ასევე გრძელდება სამუშოები დაბომბილ ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.

ზელენსკიმ რუსეთის ქმედების წინააღმდეგ გლობალურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ G7-ის ქვეყნების შეხვედრა უკვე ჩანიშნულია.

"როგორც ყოველთვის რუსები იტყუებიან. ენერგოობიექტების გარდა, უბრალოდ შეხედეთ იმ ტერიტორიებს, სადაც თავდასხმა მოხდა, ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი დედაქალაქია. კიევის ერთ-ერთი გზაჯვარედინი, სადაც ახლა ვდგავარ, სამიზნე იყო.

უკრაინის დაშინება და შეჩერება შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ უფრო მეტად დარწმუნება, რომ საჭიროა ტერორისტების გაუვნებელყოფა.

რუსეთის არმიამ სპეციალურად განახორციელა ეს დარტყმები სწორედ დილის პიკის საათში. ეს ტერორისტების დამახასიათებელი ტაქტიკაა. მათ სურდათ, მეტი შიში გამოეწვიათ და მეტად დაეზარალებინათ ხალხი. მათ მთელი მსოფლიო შეძრეს.

ტერორი აუცილებლად იღებს გლობალურ პასუხს. რუსული ტერორის პირდაპირობა მხოლოდ უბიძგებს ყველას უფრო მეტი სიმტკიცისკენ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში