ბათუმის აეროპორტში არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის შემოტანის  ფაქტი გამოვლინდა

11 ოქტომბერი 2022, 10:27 748 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოავლინეს დიდი ოდენობით, არადეკლარირებული სხვადასხვა სახის სამკაულის და ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ლიბანის მოქალაქემ, ბათუმის აეროპორტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დაახლოებით 11 კილოგრამი ვერცხლისა და მარგალიტისგან დამზადებული სამკაულები, ხოლო მეორე შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლოს გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტომობილში მოწყობილი სამალავით, სარეალიზაციოდ შემოტანილი იქნა 217 გრამის ოდენობის ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებული ძვირფასეულობის ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 42 383 ლარს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში