რუსეთის პრეზიდენტმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მიიღო

12 ოქტომბერი 2022, 11:10 546 ნახვა

სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის უმასპინძლა.

შეხვედრაზე რუსეთის ლიდერმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის და ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებულ ყველა პრობლემაზე იმსჯელებს.

პუტინის თქმით, ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული  საკითხების გადაჭარბებული, სახიფათო პოლიტიზება ხდება. რაფაელ გროსი, რომელიც  გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მას  მიმდინარე კვირაშიც  კიდევ ერთხელ შეხვდება კიევში.  

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის კონფლიქტის მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების მიზანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დამცველი ზონის შექმნაა.

ევროპაში უდიდესს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად რუსეთის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს,  ის ახლოსაა ფრონტის ხაზთან,  რამდენჯერმე დაიბომბა. სადგური არ დაზიანებულა, თუმცა დიდია ბირთვული კატასტროფის რისკი. კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ ელექტროსადგურის დაბომბვაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში