პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

12 ოქტომბერი 2022, 17:16 563 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 1989 წელს დაბადებული ა.ბ. აღნიშნული დანაშაულისთვის ხელვაჩაურში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, რევოლვერები, 12 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში