ბირთვული მუქარა რუსეთის მხრიდან

12 ოქტომბერი 2022, 19:48 650 ნახვა

რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმების შედეგად  დაზიანდა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დნეპროვსკაიას ქვესადგური.  სადგური მთლიანად გათიშულია და ისევ დიზელის გენერატორებზე მუშაობს.  წერს ტვიტერზე   ატომური  ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი და აღნიშნავს, რომ ეს ბოლო 5 დღის განმავლობაში მეორედ მოხდა. ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსმა ლიდერმა  განაცხადა, რომ  ატომური ელექტრო სადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა  რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლებელია, სანამ ფრონტის ხაზი  სულ მცირე 100 კმ-ით  არ გადაიწევს.  სადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული უსაფრთხოების ზონის შექმნას  ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო. მისი ხელმძღვანელი რაფაელ გროსი  კონფლიქტის მხარეებთან ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს. სანკტ-პეტერბურგში გროსი პრეზიდენტ პუტინს შეხვდა, რუსეთიდან იგი ისევ უკრაინაში დაბრუნდება პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ევროპაში უმსხვილესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადურის დაზიანება  ზრდის ბირთვული კატასტროფის რისკს.  მეზობელ პოლონეთში შესაძლო ბირთვული კატასტროფისთვის  უკვე ემზადებიან. ქვეყანაში  იოდის აბებს მოსახლეობას უფასოდ დაურიგებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში