"მომდევნო 4 საშინაო მატჩზე ბილეთები 50 თეთრად გაიყიდება" - არჩილ ბერიძე

12 ოქტომბერი 2022, 21:01 3767 ნახვა

"დინამო" ბათუმის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ბერიძის განცხადებით, მომდევნო 4 საშინაო მატჩზე დასასწრები ბილეთები 50 თეთრი ეღირება.

"მსურს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო და ჩემი შეხედულება გავუზიარო დინამო ბათუმის ერთგულ გულშემატკივარს

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების ვინც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეც იგივენაირად და რიგ შემთხვევებში უფრო მძაფრადაც განვიცდი თითოეულ წარუმატებლობას.  

აქვე სიამაყით მინდა ავღნიშნო ერთი  გარემოება, ჩემი და ჩემი პარტნიორების კლუბის სათავეში მოსვლის შემდეგ დინამო ბათუმის განვითარების ვექტორი საფუძვლიანად შეიცვალა და შესაბამისად იცვლება მოთხოვნებიც, ახლა დინამო ბათუმისგან მხოლოდ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან, პირადად ჩემთვის სწორედ ეს არის მთავარი მონაპოვარი და მომავალი პროგრესის საწინდარი

არაერთხელ მითქვამს და ყოველთვის და ყველგან ხაზგასმით ავღნიშნავ თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს ჩვენს ზრდასა და განვითარებაში გულშემატკივარს, ამ ერთობის გარეშე რაიმე ტიპის წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მომდევნო ოთხ საშინაო შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები, სიმბოლურ ფასად, 50 თეთრად გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება იმათაც არის განპირობებული, რომ ფული არასოდეს ყოფილა ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მთავარი ჩვენი ერთიანობაა. 

ვიმედოვნებთ, რომ ეს ჟესტი დადებით ეფექტს მოახდენს  გულშემატკივარზე რაც დარჩენილ მატჩებში სავსე ტრიბუნებს, საოცარ ქომაგობას და დინამო ბათუმის გამარჯვებებს მოგვიტანს", - აცხადებს არჩილ ბერიძე 

"დინამო" ბათუმმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო, 3 წააგო  და 1 ფრედ დაასრულა.

ამ დროისთვის გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება და 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "დინამო" თბილისს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში