მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე თუ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, ქართულ მხარეს უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი აქვს - რატი ბრეგაძე

13 ოქტომბერი 2022, 10:32 490 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის სასამართლოსთვის მოწმის სახით დასაკითხად გადაცემის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

„მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნათლად აჩვენებს, რომ კანონი ზედმიწევნითაა დაცული და ყველა მოქმედება კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება.

„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, გადაუვადდეს სასჯელი მკურნალობის მიზნით, უნდა მიმართოს სასამართლოს და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი - აქ საუბრობენ ექიმები და საუბრობს სასამართლო. ჩვენ მათ ვუთითებთ, რომ ამ საქმეში აბსოლუტურად არაფერი კეთდება პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამ კითხვებზე არ გვაქვს პოლიტიკური პასუხები და ვამბობთ, რომ მტკიცედ სამართლებრივი ხაზით უნდა წავიდეს მთელი ეს პროცედურა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში