კიევში კვლავ განგაშის სიგნალია

15 ოქტომბერი 2022, 14:21 496 ნახვა

ომის 234-ე დღეს რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე კვლავ მიიტანეს იერიში.  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  განცხადებით, სარაკეტო თავდასხმა ერთ-ერთ თემზე განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი არ არის. კულება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„კამიკაძე“ დრონებით მიიტანა ოკუპანტმა იერიში ზაპოროჟიეზე. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ნიკოპოლიც, დაშავდა ორი ადამიანი, ასევე დაზიანდა 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

დეოკუპირებულ ლიმანში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 35-ზე მეტი საერთო სასაფლაოა აღმოჩენილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 64 700 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 400 გასული დღე ღამის განმავლობაშია ლიკვიდირებული. 

გარდა ამისა, გრძელდება უკრაინის დახმარება, აშშ-ის პრეზიდენტმა, უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ შეიცავს. 

აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, ასევე სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში