UNICEF: უკრაინაში ომის გამო სიღარიბეშია 4 მილიონი ბავშვი აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში

17 ოქტომბერი 2022, 14:20 457 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 4 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა სიღარიბეში უკრაინაში ომის და მზარდი ინფლაციის შედეგად.

იუნისეფის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში ღარიბი ბავშვების რიცხვი 19%-ით გაიზარდა. გაეროს ბავშვთა ფონდი ანგარიშში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა მკვეთრად მოიმატოს რიცხვმა ისეთი ბავშვების, რომლებიც სკოლას ვერ ამთავრებენ და გაიზარდოს ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები.

ფონდის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნიდან რუსეთზე მოდის თითქმის ¾ ბავშვების, რომლებიც გაღარიბებულ ოჯახებში ცხოვრობენ. მათი რიცხვი 2.8 მილიონით გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ამჟამად სიღარიბეში ცხოვრობს 500 ათასი უკრაინელი ბავშვი.

გაეროს ფონდის თანახმად, უკრაინაში ომის შედეგად საცხოვრებელი სახლების, სკოლების, წყლით და ელექტროენერგიით მომარაგების სისტემების და საავადმყოფოების ნგრევამ დააზარალა 7.5 მილიონი ბავშვი. ბავშვების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხეშია ტერიტორიების დანაღმვის გამოც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში