ოლიმპიური მოძრაობა რუსეთს და ბელარუსს სანქციებს უგრძელებს

20 ოქტომბერი 2022, 09:44 583 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი რუსი და ბელარუსი სპორტსმენებისთვის დაწესებული სანქციების გაგრძელების შესახებ იუწყება. IOC-ის პრეზიდენტმა ამის თაობაზე სეულში მიმდინარე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

"გადაუჭრელი დილემის წინაშე აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია სრულიად შევასრულოთ ჩვენი ოლიმპიური მისია, რომელიც სპორტსმენთა დაცვისკენ და სპორტული შეჯიბრებების მეშვეობით მსოფლიოს გაერთიანებისკენ არის მიმართული. ჩვენ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით პოზიციას, როდესაც ერთი ქვეყნის სპორტსმენები პოლიტიკური მიზეზებით უარს ამბობდნენ სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ასპარეზობაზე, მაგრამ ახლა ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი მისიის შესრულება გაგვეგრძელებინა, იყო საერთაშორისო ფედერაციებისთვის მიგვეცა რეკომენდაცია, შეჯიბრებებზე არ დაეშვათ სპორტსმენები მხოლოდ მათი პასპორტის გამო. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგით, რომ დავიცვათ საერთაშორისო სპორტული სისტემა სპორტის სრული პოლიტიზაციისგან",-აცხადებს ბახი. 

თომას ბახის განცხადებით, სოკ-ი მტკიცედ დაიცავს მთავარ ღირებულებებს, იმის მიუხედავად, რომ ცალკეული ორგანიზაციები ცდილობენ პროპაგანდისტული საშუალებებით დაუპირისპირდნენ სპორტული თანამეგობრობის მიერ მიღებულ ზომებს და სანქციებს.

„შესაბამისი ზომების მიღების მიზეზები ჯერაც არ აღმოფხვრილა და, მაშასადამე, სანქციების მოხსნის დრო არ დამდგარა. მიჰყევით ჩვენს რეკომენდაციებს", - მიმართა შეკრებილებს სოკ-ის პრეზიდენტმა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში