კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება - ჯანდაცვის მინისტრი

25 ოქტომბერი 2022, 15:47 2078 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკებში სამედიცინო სერვისებზე ტარიფები პირველი ნოემბრიდან  დაფინანსების ახალი მოდელით, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით დაითვლება.

მისივე თქმით, კლინიკები პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე განსაზღვრულის გარდა, დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ.

„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, ყველაზე სწორი და აპრობირებული სისტემით დაფინანსებას. ათიათასობით სერვისი, რომელზეც ტარიფები იყო განსაზღვრული, უკვე „დიარჯი“ მეთოდოლოგიით დაითვლება. კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი გამოითვლება საბაზისო ტარიფისა და „დიარჯის“ წონის მიხედვით – პაციენტის კლინიკაში შესვლიდან, მკურნალობისა და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

ეს მეთოდი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია, სხვა ქვეყნებში დანერგილია. ჩვენთანაც იყო რამდენიმე მცდელობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული. შემდეგ 2016 წლიდან განახლდა, შევიძინეთ ეს სისტემა. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა კოდების მისანიჭებლად და სწორი გამოთვლის მექანიზმის შესამუშავებლად. უკვე წელს, იანვრიდან ისევ გავააქტიურეთ საკითხი და როგორც დაანონსებული გვქონდა, ოქტომბერში რამდენიმე ხნით გადაიწია ამოქმედება. მზად ვართ, პირველი ნოემბრისთვის ეს სისტემა გავუშვათ.

ყველა კლინიკა, რომელსაც სურვილი ექნება, „დიარჯი“ სისტემის მიხედვით მოხდეს თანხების ანაზღაურება, ამ სისტემაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს. კლინიკები პაციენტებს  ჯიბიდან ვერანაირ დამატებით გადახდებს ვეღარ დაუწესებენ, გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ამასთან, რეფერალი სისტემიდან ონკოლოგიურ შემთხვევებს რასაც ვაფინანსებდით, ესეც საყოველთაო ჯანდაცვის მხარეს გადაგვაქვს. ყოველწლიურ ლიმიტს 25 000 ლარამდე ვზრდით, რაც მომართვიანობის სულ მცირე 90 პროცენტს დაგვიფარავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში