პრემიერის ხელმძღვანელობით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ცხრა საკითხი განიხილა

25 ოქტომბერი 2022, 17:27 676 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ცხრა საკითხი განიხილეს, - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა დღესვე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის საფუძველზე, პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება. DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ აპრობირებული დაფინანსების მოდელია, რომლითაც ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთა შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარება 2023 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ვრცელდება 2022 წლის პირველი თებერვლის შემდგომ, საქართველოში შემოსულ უკრაინელ მოქალაქეებსა და უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, რომლებიც მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ახერხებენ უკრაინაში დაბრუნებას.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს ფულად გასაცემელს, როგორც საცხოვრებლის, ისე საარსებო პირობების უზრუნველყოფისთვის.

მთავრობის წევრებმა დღესვე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022 -2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

აღნიშნული სამოქმედო გეგმების საფუძველზე, საქართველოს მთავრობა, პარტნიორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ყველა საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, იმისთვის, რომ მოხდეს გენდერული თანასწორობის განმტკიცება ურთიერთობის ყველა სფეროში, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ეფექტიანი რეაგირება და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული სერვისების მიწოდება.

აღნიშნული გეგმები გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და მათი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და პროცესში ყველა შესაბამისი საჯარო უწყება, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში