9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10.2%-ია, რაც უპრეცედენტო ფაქტია მთელ ევროპაში - პრემიერი

31 ოქტომბერი 2022, 11:32 466 ნახვა

ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

„მინდა, შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40 პროცენტით და ცხრა თვეში ზრდამ 37,4 პროცენტი შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა ოთხი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5 პროცენტით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში