პროკურატურამ დანიის მოქალაქის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი 2 პირის მიმართ დაიწყო

31 ოქტომბერი 2022, 11:49 645 ნახვა

გენერალურმა პროკურატურამ დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების  და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ  და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, დანიის  მოქალაქე, წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა - 15.000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის - ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, აღნიშნული თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიულ პირს ბრალდება  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა.

საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში