ბათუმის საკრებულომ "ოცნების ქალაქის" პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა

31 ოქტომბერი 2022, 15:26 601 ნახვა

ბათუმის საკრებულომ "ოცნების ქალაქის" პროექტის მეორე ეტაპის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. ქალაქმშენებლობითი დოკუმენტის მიხედვით, განხორციელდება "ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი. ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ახალი ეტაპი, უკვე მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს. „ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში  საპარკინგე ზონა, სპორტული მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება. პროექტი სრული ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

მოქალაქეებს ასევე ადგილზევე  ექნებათ სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა. მეორე ეტაპი განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს.

„ოცნების ქალაქის“ პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა.

„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ, იქ არსებული მძიმე სოციალური და შეუსაბამო საცხოვრებელი პირობების გამო მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში