სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს -სუს-ი

01 ნოემბერი 2022, 21:05 712 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“.

„მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში