უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება

06 ნოემბერი 2022, 15:01 728 ნახვა

კიევი ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციას გეგმავს - ინფორმაციას - The New York Times-ი ავრცელებს როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, მუნიციპალური მუშები 1000-ს თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელიც შესაძლოა გაორმაგდეს.

ინჟინრები კი საჭირო აღჭურვილობის გარეშე, რუსი აგრესორების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას ცდილობენ.  რუსეთის ძალების მიერ კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია, ამასთან  რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო იერიშების მიტანას განაგრძობენ.  მსხვერპლი მოყვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას, სადაც რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ რაიონზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობა დაინგრა.

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ოლქში დაესხნენ თავს. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში მოიგერია.

პარალელურად კი, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის შვიდი ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ოკუპანტების სამი სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში