პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება - სსფ 

07 ნოემბერი 2022, 13:43 601 ნახვა

საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი​ს ინფორმაციით, პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა განამტკიცებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და გააძლიერებს ეკონომიკის მდგრადობას.

ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 38 მილიონი დოლარის რესურსს გამოუყოფს.

მისივე თქმით, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული.

„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე, ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი.

2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო“,- აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ.

„2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10 პროცენტია; ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10.5 პროცენტი იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, შემცირებული ფისკალური დეფიციტის და საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით ხუთ პროცენტს, დაუახლოვდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმები დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, სამპროცენტიან, მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება.

პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: იწფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლების ჩათვლით, დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას, ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც, თავის მხრივ, ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით. გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს"-განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში