გვაქვს მოლაპარაკება ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე - მარიამ ქვრივიშვილი 

08 ნოემბერი 2022, 20:54 648 ნახვა

ლონდონიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია easyjet-თან შეხვედრისას. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარესების აღდგენა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტების ნაკადების კიდევ უფრო მატებას.

„გამოფენის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა გამოვყოფდი easyjet-ს, რომელთანაც გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება, რომ გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და თბილისს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია ბრიტანეთი და პირდაპირი რეისების არსებობა განსაკუთრებით ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ლონდონის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

მარიამ ქვრივიშვილი უკვე შეხვდა კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი მედიასაშუალებების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს.

ქართულმა მხარემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიების, ავიაკომპანიების, სამოგზაურო პლატფორმებისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი, პროდუქტები, ავიარეისების შესახებ ინფორმაცია და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს. შეხვედრებს საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

WTM London-ს 51 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 5 000-მდე კომპანიაა წარდგენილი. მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 70-ზე მეტი ტურიზმის მინისტრი და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ესწრება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენას სამი ათასზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში