ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური ლიდერი გაერთიანდება და იზრუნებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული სამუშაო შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს - კელი დეგნანი

09 ნოემბერი 2022, 12:32 541 ნახვა

აშშ არ არის ევროკავშირის პარლამენტის წევრი და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ჩართული ვიყავით რეზოლუციის პროექტის შექმნაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ წუხს საქართველოში ღრმა პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის გაგრძელების გამო.

„ვეთანხმებით მოწოდებას პოლიტიკური მხარეების მისამართით, რომ გაერთიანდნენ დემოკრატიული მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული ამბიციური რეფორმებისთვის. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ეს უნდა გაკეთდეს ინკლუზიურად. ვფიქრობ, საქართველოს აქვს კანონპროექტების წარდგენის ძალიან კარგი გამოცდილება ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ საექსპერტო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, რომ მიეღო უკუკავშირი მის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა ეს ევროპულ სტანდარტებს იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის კანდიდატის სტატუსი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ღირებულია კანონპროექტის წარდგენა ვენეციის კომისიაში და მათი შეფასება, შეესაბამება თუ არა მომზადებული კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს. ისევე როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მკაფიო ნების მხარდაჭერას იცხოვროს უსაფრთხო, სტაბილურ, აყვავებულ დემოკრატიაში და სწორედ ამიტომ ვართ საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროატლანტიკური მომავლის ასეთი ძლიერი მხარდამჭერები.

ვიმედოვნებ, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის, მმართველი პარტია და ოპოზიცია, ახლა გაერთიანდებიან და იზრუნებენ, რომ სამუშაო, რომელიც გაწეულია კანდიდატის სტატუსისთვის, შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. მომენტი დადგა და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ქართველი ხალხის ამ მიზანს მიაღწევენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში