პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

10 ნოემბერი 2022, 10:48 469 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორის წარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდული გარჩევის“ განხორციელების და მატერიალური უპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს.

"2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში და ზუგდიდის რაიონში, "ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა "ქურდული გარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალური გავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების და გავრცელების მიზნით, "ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის განიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავე პირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს.

სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- აცხადებენ პროკურატურაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში