სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა

15 ნოემბერი 2022, 17:19 428 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას.

"დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ევროკომისარმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში