პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა დეკლარაცია მიიღეს და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაუჭირეს მხარი

16 ნოემბერი 2022, 11:41 418 ნახვა

"COSAC"-ი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მზაობას და სრულად უჭერს მხარს ამ ქვეყნების პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც  ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა "COSAC"-ის  სხდომაზე მიიღეს. - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საქმეთა კომიტეტების (cosac) შეხვედრა პრაღაში, 13-15 ნოემბერს გაიმართა.

"COSAC"-ის სხდომაზე ევროკავშირის მომავალზე, ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიაზე, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ პერსპექტივაზე იმსჯელეს.

სხდომაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

"COSAC"-ის შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის რესპუბლიკის და საპრეზიდენტო ტრიოს სპეციალური მოწვევით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში