გონიოში მცხოვრებთა ნაწილი დაკანონებული მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო ნებართვას ითხოვენ

16 ნოემბერი 2022, 17:44 680 ნახვა

სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო ბათუმი- გონიოს ცენტრალურ მაგისტრალზე. გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა და თვითმმართველობის ყურადღების მისაქცევად გზა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვა ორჯერ მოუხდათ, რის შემდეგაც მათთან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაზე მივიდა.  აქციის მონაწილეები ხანგრძლივი დავის შემდეგ  დაკანონებულ მიწებზე საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით, ტერიტორიაზე შენობები უკვე აქვთ, თუმცა  იმის გამო, რომ მერიაში პროექტს არ უმტკიცებენ,  მათ კაპიტალურად მოწესრიგებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები ისტორიული ძეგლის მომიჯნავეა და მათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი აქვთ. ამის გარდა, გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც არქეოლოგიური დაცვის ზონა, გარკვეული შეზღუდვებიც მოქმედებს.  სამშენებლო ნებართვების გარდა აქციის მონაწილეები საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარე მათ გზის მოწესრიგებას დაჰპირდა. რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, მისი თქმით, გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმა მომზადდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში