მეუფე ზენონი 2 ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს - საპატრიარქოს განცხადება

19 ნოემბერი 2022, 11:19 558 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.

სინოდალური კომისიის სხდომაზე  ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.

ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, წმინდა სინოდის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში