ზამთრის კურორტებზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყო - მთის ტრასების სააგენტო

22 ნოემბერი 2022, 16:35 426 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, ვიზიტორებს ახალ ინფრასტრუქტურას დაახვედრებს - ამის შესახებ ინფორმაციას "მთის ტრასების სააგენტო" (MTA) ავრცელებს.

"2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. 2023 წლამდე კი, ქვეყანას აღებული აქვს ვალდებულება, განახორციელოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. დიდველი, კოხტა-მიტარბის არეალში კი, აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონჯტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე, გაკეთდა ახალი ტურისტული სათხილამურო გზები. შეძენილია ახალი სპეც-ტექნიკა (თოვლსატკეპნი, თოვლმავლები და სხვა). 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასატარებელია 30 შეჯიბრი შვიდ სახეობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

კურორტ გუდაურში ვიზიტორებს 2022-2023 წლის სათხილამურო სეზონზე ორი ახალი საპირფარეშო დახვდება. აშენდა ორი ახალი საოპერატორო შენობა ნაგებობა. გოდერძიზე დასრულდა ახალი საოპერატორო შენობისა და სალაროს მშენებლობა, რომელიც 2022-2023 წლის სეონზე სრულყოფილად იფუნქციონირებს. ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სპეც-ტექნიკას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კურორტის მომსახურე პერსონალი: საბაგიროს მემანქანე ოპერატორები, ელექტრიკოსები, მოლარეები, მაშველები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადამზადდნენ. სვანეთში ჰაწვალის მთაზე მიმდინარეობს ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მულახი-თეთნულდის დამაკავშირებელი საბაგიროს კვლევითი და საპროექტო სამუშაოები“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში