რუსული ძალების მიერ ხერსონის საცხოვრებელი ზონების დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

25 ნოემბერი 2022, 10:48 564 ნახვა

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის განცხადებით, ხუთშაბათს საღამოს, რუსული ძალების მიერ ხერსონის საცხოვრებელი ზონების დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, 21 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან და არტილერიით გახსნეს, რის გამოც საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, ჭურვები დაეცა საბავშვო მოედანზეც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონზე დარტყმას დამარცხებულის შურისძიება უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ტერორი დაიწყო ხერსონიდან მისი არმიის გაქცევისთანავე.

"თითქმის ყოველ საათში ერთხელ ვიღებ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ ხერსონზე მიტანილი დარტყმების შესახებ. ასეთი ტერორი დაიწყო მაშინვე, როგორც კი რუსეთის არმია იძულებული გახდა, გაქცეულიყო ხერსონიდან. ეს დამარცხებულების შურისძიებაა. არ იციან, როგორ იომონ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დატერორება. ან ენერგეტიკული ტერორი, ან საარტილერიო ან სარაკეტო. ეს არის ის, სადამდეც მოხდა რუსეთის დეგრადაცია მოქმედი მმართველების პერიოდში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში