"დინამო" ბათუმმა გასვლაზე "გაგრას" 1-4 მოუგო

26 ნოემბერი 2022, 15:39 1847 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში "დინამო" ბათუმმა გასვლაზე "გაგრა" მარტივად 1-4 დაამარცხა.

ანგარიში 24-ე წუთზე შორეული დარტყმით ჯიღაურმა გახსნა და ბათუმელები წინ გავიდნენ.
42-ე წუთზე ღუდუშაურის გადაცემით ფლამარიონმა გაიტანა და ტაიმი "დინამომ" 0-2 მოიგო.
მეორე ნახევარში ჯიღაურის დარტყმული ბურთი ჭანტურიამ ჩაჭრა და ავტოგოლით ბათუმელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.
62-ე წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან ჩაწოდებული ბურთი ნოზაძე გაიტანა და სხვაობა შეამცირა.
85-ე წუთზე კი შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 1-4 მათე ვაწაძემ დააფიქსირა.

"დინამო" ბათუმის მთავარმა კონკურენტმა "დინამო" თბილისმა გასვლაზე წყალტუბოში "სამგურალთან" ფრედ 1-1 ითამაშა და მნიშვნელოვანი 1 ქულა მოიპოვა.

21-ე წუთზე იმერლები დაწინაურდნენ, ჟერალდოს გადაცემით ნიქაბაძემ გაიტანა. ამის შემდეგ ჟერალდოს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, თუმცა ერთი ერთზე გასულმა ბრაზილიელმა დარტყმა დააგვიანა.
56-ე წუთზე ბილენკის დაგდებული ბურთი იმრანმა გაიტანა ანგარიში გაათანაბრა. 

მატჩის ბოლო წუთზე "სამგურალის" ფეხბურთელები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ შეხვედრის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. კომპენსირებულ დროში თბილისელების კარის დარაჯმა ლუკა კუტალაძემ მისი გუნდი ორჯერ გადაარჩინა და "დინამო" ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში დატოვა.

ბოლო ტურის წინ "დინამო" თბილისი 77 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "დინამო" ბათუმს 76 ქულა აქვს. დასკვნით ტურში "დინამო" ბათუმი შინ 3 დეკემბერს ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. მატჩი გულშემატკივარის გარეშე ჩაივლის. რაც შეეხება "დინამო" თბილისს, ისინი ამავე დღეს საკუთარ მოედანზე "გაგრას" უმასპინძლებენ.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში