მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ეს ვიზუალურადაც ეტყობა - ნინო ლომჯარია

28 ნოემბერი 2022, 16:53 509 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში“ მოინახულა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ეს ვიზუალურადაც ეტყობა.

"ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალში საცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად, მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის.

ექიმი ამბობს, რომ, განსაკუთრებით, ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლაა. ექიმი ამას უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში. მას შემდეგ სააკაშვილს ემოციურ ფონზე მეტად დაუმძიმდა მდგომარეობა, ცოტას ჭამს, არასაკმარისად იკვებება.

ასევე, ვიცი, რომ ნევროლოგსაც აქვს უკვე ბოლო დასკვნა გაკეთებული, რომელიც საუბრობს ნევროლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე და დინამიკაში უკუსვლაზე. „ვივამედის“ ექიმები ამბობენ, რომ ის არ არის ჯანმრთელი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საზღვრის კვეთის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესს შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დასწრებოდა, თუმცა სასამართლო სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტი არ მიუყვანიათ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომას ბრალდებული არ დასწრებია. სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის არდასწრების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ  წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვით, ექიმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში