სასამართლომ მონაზონზე ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

28 ნოემბერი 2022, 17:28 534 ნახვა

ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ზაზა რამიშვილმა მიიღო.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლემ ზაზა სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე უალტერნატივოდ მოითხოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას.

დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში