პრემიერს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს - PSP

28 ნოემბერი 2022, 17:55 1235 ნახვა

ფარმაცევტული კომპანია PSP პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში.

"დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფარმაცევტულ კომპანია PSP-ში თურქულ მედიკამენტებთან მიმართებით, სავარაუდოდ, პაციენტების შეცდომაში შეყვანას ჰქონდა ადგილი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფარმაცევტები მოქალაქეებს ეკითხებიან, რომ ძვირი ხარისხიანი წამალი სურს თუ უხარისხო თურქული. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს, თუმცა დასძინა, რომ დადასტურების შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირება იქნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში