ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს - თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2022, 12:06 1254 ნახვა

ხულო-ზარზმის გზის ისტორიული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.  ​

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა.  

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას, რომელიც 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს. 2 მონაკვეთის ჯამური ღირებულება 95 689 302 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების ვადა 2 წელია.

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო  გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ  დაახლოებით 10 მილიონი ლარი  მიიღო.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოლოგიურ რელიეფზე და მისი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს, როგორც ზემო აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე ტურიზმის განვითარებას, რადგან იგი აკავშირებს ბეშუმის სამთო-სათხილამურო კურორტს ბათუმთან და თბილისთან.

აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება. ამასთან, განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში