პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

01 დეკემბერი 2022, 17:13 623 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით“ მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა “ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა, ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს.

სამ ბრალდებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში