ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

06 დეკემბერი 2022, 10:17 729 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 კვ.მ. ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.

"ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 კვ.მ. ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში