ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ - უკრაინის გენშტაბი

06 დეკემბერი 2022, 10:42 615 ნახვა

უკრაინაში მთელი ღამის განმავლობაში განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ისმოდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები ისროლა. ჭურვები ჩამოცვივდა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ნოვოსოფიევკაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

აფეთქებების ხმა ისმოდა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს.

გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ წყვეტენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.

„ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე. ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევას, აქტიურად იყენებს ავიაციას თავისი სახმელეთო დაჯგუფებების მოქმედებების მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში