სამწუხაროდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიგვიღია პასუხი უკრაინისთვის, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე - კასიანოვი

06 დეკემბერი 2022, 13:39 531 ნახვა

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა კასიანოვმა.

მისივე განცხადებით, არ მიუღიათ პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით.

"გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენა-არ გადარჩენაზე, სიცოცხლისა და სიკვდილზე, სრულიად იყო გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი, რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაში სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული დახმარება 1993 წელს, ასევე სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება 2008 წელს.

 

ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომელთაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნები საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან"- განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვი მიიჩნევს, რომ  6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის.

მისივე შეფასებით, უკრაინის საელჩოს დღემდე არ მიუღია პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებებზე, რომ ამ გზით აღნიშნულიყო უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა.

კასიანოვის განცხადებით, საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი აქტის მომზადების ეტაპზეა და ელიან, რომ პროცესი 2023 წლის თებერვლის დასაწყისში დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში