სამი ახალი სახლი ავარიულის ნაცვლად

06 დეკემბერი 2022, 18:02 437 ნახვა

78 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს ბათუმში ავარიული სახლების ასაშენებლად. ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ახალი ნაგებობები იმ შენობებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ექსპერტიზით ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია. ტენდერი 3 მისამართზე გამოცხადდა: კახაბრის N30, ხიმშიაშვილის N94-96 ნომრებში, ასევე ე.წ. ,,შანხაი’’-ის დასახლებაში- ჩხაიძის №7-ში. კორპუსებში სულ 751 ბინა იქნება, აქედან 500-მდე იმ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც ამავე მისამართზე ცხოვრობენ. დარჩენილი ბინები კი მერიის საბინაო ფონდიდან ავარიულ სახლებში მცხოვრებ სხვა ოჯახებზე განაწილდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბინები სრული რემონტით ჩაბარდება. პროექტით ახალი სახლების ეზოების ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება. საბავშვო ატრაქციონებისა და სპორტული მოედნების განთავსება. პროგრამის ფარგლებში დაწყებული ორი სახლის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს, დღეს გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში დაგეგმილი მშენებლობები კი 2024 წელს. „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო პროგრამა იმ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ბათუმში წლებია ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. ასეთი ამ დროისთვის 3 000-ზე მეტი ოჯახია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში