ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

14 დეკემბერი 2022, 17:53 737 ნახვა

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტის 608 დეპუტატიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა.

დღეს მიღებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი:

„რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ოლიგარქისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრას სისტემურად სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

 

იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, დააწესონ პირადი სანქციები ივანიშვილზე და ყველა იმ პირზე, რომლებიც ხელს უწყებენ და პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე.

 

შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად; მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი განხილვისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ. ეს ბრალდებები თუ დადასტურდება, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი თანამოაზრეების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო თანამოაზრეებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ კუთხით, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს ნიკა გვარამია.

რეზოლუცია ესტონელი ევროდეპუტატის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელის, სვენ მიქსერის ანგარიშის მიხედვით მომზადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში