სახელმწიფოს მონაწილეობით ,,ხუდონჰესის'' მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება - ლევან დავითაშვილი

19 დეკემბერი 2022, 16:09 749 ნახვა

მთავრობა ,,ხუდონჰესს'' გამოისყიდის. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხზე სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. პროექტზე მუშაობა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით მომავალი წლიდან დაიწყება.

მისივე თქმით, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რის შემდეგაც, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება 2023 წელს დაიწყება.

"მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოიწონა შეთანხმება „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის არსებული „ენგურჰესის“ მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა.

უახლოეს მომავალში, 2023 წლის დასაწყისიდან დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაც ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომ საქართველოში გავზარდოთ გენერაცია და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველო იქნება შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აქტიური განმახორციელებელი და წარმმართველი. ასევე აღნიშნა, რომ შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

"ცოტა ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, სადაც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა. თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში და შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნახეთ, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტუალური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება. ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის სფეროს საგანი. როდესაც ევროკავშირის ორი ქვეყანა პროექტის განხორციელებაშია ჩართული, ასეთი განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან. მოვისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმაზე, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით – რამდენიმე მილიარდის ფინანსური მობილიზებისთვის ევროკავშირი მზადაა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში