დრონებით თავდასხმის გამო, კიევში ელექტროენერგია გაითიშა

19 დეკემბერი 2022, 19:40 606 ნახვა

უკრაინის თითქმის ყველა ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმის განგაში მხოლოდ ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილში არ ისმის. ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა, კიევის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 20 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა 15 გაანადგურეს. გვიან ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად კიევში მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უკრაინის მიმართულებით გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 35 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედ 35“ გაუშვეს. მძიმე ვითარება რჩება ბახმუტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იქ ერთი მთლიანი კედელიც არ დარჩეს. უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან. გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ 6 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებში. ასევე, განხორციელდა სამი დარტყმა მტრის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში