წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება

21 დეკემბერი 2022, 12:36 802 ნახვა

ბათუმის მერიამ 2022 წლის სპორტული მოვლენები შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტის პედაგოგები, გუნდები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ ასევე ვეტერანი სპორტსმენები და ის ადამიანები, რომლებმაც სპორტის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად მოჭადრაკე სალომე მელია დასახელდა, რომელიც აქტიურ სპორტულ კარიერასთან ერთად, აჭარის ჭადრაკის ფედერაციასაც ხელმძღვანელობს. საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად სარაგბო კლუბ „ბათუმის“ მორაგბე ბექა ურჯუკაშვილი დაასახელეს, რომელმაც 2021-2022 წლების სეზონში „ბათუმის“ ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა. საქართველოს რაგბის კავშირმა ბექა ურჯუკაშვილი გასული სეზონის „დიდი 10-ის“ და ფინალის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა. ნომინაციაში „წარმატებული გუნდი“ ბათუმის ქალ ფრენბურთელთა გუნდმა და საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ გაიმარჯვა. წლის საუკეთესო კლუბის ჯილდო კი სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ მოიგო. შეგახსენებთ, რომ ფრენბურთის ქალთა გუნდმა გასულ სეზონში საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, კალათბურთელებმა საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგეს. წლის საუკეთესო მწვრთნელად ქალ ფრენბურთელთა გუნდის დამრიგებელი ხათუნა გიორგაძე დაასახელეს. ბათუმის მერიამ ასევე წლის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტებიც გამოავლინა, რომელშიც გაზეთ „აჭარის“ ერთი და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხუთი ჟურნალისტი მოხვდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში