მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცუდად გახდა და ამ ეტაპზე სასამართლოში ჩართვაზე უარს აცხადებს - ადვოკატი

22 დეკემბერი 2022, 12:56 685 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ცუდად გახდა. მისივე განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტთან კლინიკაში მეორე ადვოკატი ილია ლომია იმყოფება, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. 

"იქ იმყოფება ჩემი კომპანიის ადვოკატი ილია ლომია, რომელიც ახლახან დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, ექიმი გამოიძახეს და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შესვენების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.

"მომწერეს, რომ ინტერნეტის პრობლემა მოგვარებულულია, მაგრამ მსჯავრდებულმა უარი განაცხადა ჩართვაზე“, - აღნიშნა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოსთვის უკრაინულად მიმართვა სურდა, რისი უფლებაც მას მოსამართლემ არ მისცა. აღნიშნულის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში