მალე დავიწყებთ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელებას - პრემიერი

27 დეკემბერი 2022, 15:23 971 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასა და ჯარის გაძლიერებაზე.

"გრძელდება ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ვახორციელებთ თანამედროვე შეიარაღების სისტემების შეძენას. მიმდინარეობს როგორც ანტისატანკო, ასევე საჰაერო თავდაცვის განახლება. ჩვენ უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით და ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს. ეს არის ჯარის ქალაქის პროექტი, რომელიც სულ რაღაც ორ წელში განვახორციელეთ. ასევე, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სამხედრო ავიაციის გაძლიერების, საფრენი აპარატების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ ცნობილ კომპანია „რაფაელთან“, მიმდინარეობს წარმოებული სისტემების განახლება-მოდერნიზაცია, ახალი სისტემების შეძენა. ასევე, ჩვენ დავიწყეთ M4 ტიპის ავტომატური შაშხანების წარმოება, ახლა აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული შაშხანების შემოწმება. პოლონურ კომპანიასთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ დრონების წარმოებას. რამდენიმე თვეში დავიწყებთ დრონების წარმოებას, ქვეყანაში შეიძლება რამდენიმე ათასი დრონის წარმოება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით,  ყველა ბაზის განახლება დასრულდა და პროექტები გრძელდება.

"ჩვენ დავიწყეთ ახალი ბაზის მშენებლობა მუხროვანში, 70 მილიონი ლარის ღირებულების, ასეულობით მილიონი ლარი ბოლო სამ წელიწადში იქნა მიმართული ამ კუთხით. ყველა ბაზა მოეწყო თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებში უწევთ მსახურება, ქვეყნის დაცვა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა 2022 წელს პოლიციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მინდა, ჩვენს ჯარსა და პოლიციას მადლობა გადავუხადო, სრული მხარდაჭერა დავუდასტურო ჩვენს მინისტრებს და მათ უწყებებს.

პოლიციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება დავიწყეთ, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა, ასეულობით ავტომობილი შევუძინეთ ჩვენს პოლიციელებს, სრულად განახლდება ავტოპარკი, ასევე შეიარაღების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები და განახლება მიმდინარეობს. ასევე, რამდენიმე კვირაში ალბათ, ჩვენ დავიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, ეს იქნება ათას ასზე მეტი პოლიციელისთვის განკუთვნილი ქალაქი და 1 100-ზე მეტ პოლიციელს გადაეცემა აღნიშნული ბინები.

მინდა, მადლობა გადავუხადო პოლიციას, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, არის უპრეცედენტოდ მაღალი – 60 პროცენტი არის გახსნის მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს პოლიციას.

ასევე, ჩვენ დავასრულეთ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა, ფრანგული ვერტმფრენების შეძენა, სახანძრო-სამაშველო მანქანების და ვერტმფრენების შეძენაც მიმდინარეობს.

სულ, ჯამში წელს დამონტაჟდა 816 ვიდეოკამერა, დამონტაჟებილია ქვეყნის მასშტაბით 6 230 ვიდეო კამერა. იცით, რომ ჯარისა და პოლიციელთა ხელფასები ოცი პროცენტით გაიზრდება“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში