მოვუწოდებთ ოპოზიციას გააცნობიერონ ყველა მოვლენა, დადგნენ მშვიდობის და არა თავსმოხვეული ომის მხარეს - "ხალხის ძალა"

27 დეკემბერი 2022, 16:52 865 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას ავრცელებს: როგორც განცხადებაში აღნიშნულია, ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, ყველა გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს.

განცხადების ავტორები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, კარგად გააცნობიერონ ყველა მოვლენა, რომელიც საქართველოს გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნის, მისი მშვიდობის მხარეს.

"ორი კვირის წინ, ევროპარლამენტმა 400-ზე მეტი ხმით დაამტკიცა კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციის მყისიერი კომენტირებისგან თავი შევიკავეთ, რადგან გვაინტერესებდა, ამჯერად მაინც თუ მოჰყვებოდა მას გაგრძელება ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს მხრიდან. თუმცა, უკვე მეორე კვირა მიილია, ევროპული საბჭოს სხდომაც შედგა, ევროპული საშობაო არდადეგებიც დაიწყო და ვხედავთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვეს. მეტიც, ევროპულ საბჭოს საქართველოს საკითხი მისი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შეუტანია.

ახალი რეზოლუცია წინამორბედისგან შინაარსით დიდად არ განსხვავდება. ევროპარლამენტარები აქაც იგივეს ითხოვენ - ორი გამორჩეული კრიმინალის განთავისუფლებას და ერთი გამორჩეული ქველმოქმედის დასჯას. შესაბამისად, რეზოლუციის შინაარსს რაიმე განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდება. თუმცა, აუცილებლად მიგვაჩნია, რეზოლუციის მიღების საერთო კონტექსტზე გავამახვილოთ საზოგადოების ყურადღება.

ევროპარლამენტს უკვე მეორედ მიაღებინეს საგანგებო რეზოლუცია ერთადერთი მიზნით - ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის დასაშანტაჟებლად. ევროკავშირის გარე კოორდინატორებმა წინასწარ ისიც დაგეგმეს, რომ ამ რეზოლუციებს ევროპული საბჭო არ გაიზიარებდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპარლამენტის აქტიურობის მიზანი არა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, არამედ კონკრეტული მიზნით მისი დაშანტაჟებაა. ანუ ევროპარლამენტი, რომელიც, ფორმალურად მაინც, ძალიან მაღალი პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ინსტიტუტია, სრულიად სათაკილო მისიისთვის - ერთი კაცის პოლიტიკური შანტაჟისთვის გაიმეტეს და გამოიყენეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპულ საბჭოს ევროპარლამენტის რეზოლუციაზე არც კი უმსჯელია, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეზოლუციის ავტორებს ძალზე კონკრეტული მიზანი ამოძრავებდათ - მათ სანქციების თემა დამოკლეს მახვილივით დაკიდეს ბიძინა ივანიშვილის თავზე, რათა მასზე ზეწოლა მუდმივ რეჟიმში შეენარჩუნებინათ. აქედან ჩანს, რომ ისინი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ. შესაბამისად, უკრაინაში მიმდინარე ომში საქართველოს ჩათრევის საფრთხე კვლავაც უაღრესად აქტუალურია.

როდესაც ერთი კაცის დასაშანტაჟებლად ევროპარლამენტს ორჯერ კრებ, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, თუ რამდენად დიდია ევროპული აგენტოკრატიის ამერიკელი პატრონების სურვილი, ბიძინა ივანიშვილს მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში ჩარევა აიძულონ და მისი ხელით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უზრუნველყონ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადმოსახედიდან, საქართველოს მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ღირსებისგან დაცლილი მისია აქვს, უკიდურესად შემაშფოთებელია.

სრულიად ცხადია, რომ ასეთ ევროპარლამენტს პარლამენტარიზმთან საერთო არაფერი აქვს. ის არის ევროპული აგენტოკრატიის ერთი მორიგი დანაყოფი, რომელიც ევროკავშირის მაკონტროლებლების ყველაზე უხეშ დავალებებს სრულიად უთავმოყვარეოდ ასრულებს. ასეთ ევროპარლამენტს არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირი თავის დროზე დაეფუძნა.

ამგვარი რეზოლუციებით ევროპარლამენტი გვიცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სამართლის უზენაესობაზე უარს ვიტყვით და კრიმინალებს გავათავისუფლებთ, თუ სინდისზე უარს ვიტყვით და ქველმოქმედებას გავემიჯნებით, თუ სახელმწიფოებრიობაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებას აგენტურას გადავაბარებთ, თუ მშვიდობაზე უარს ვიტყვით და ვიომებთ. ფაქტია, რომ რეზოლუციის ავტორები საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ, რადგან სახელმწიფოდ მხოლოდ აგენტოკრატიას აღიარებენ. ცხადია, თუ სინდისი, სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა დავკარგეთ, ასეთ სახელმწიფოს არც ევროკავშირის გარეთ ექნება ფასი და არც ევროკავშირში.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ ორი ფაქტი:

- მოლდოვას მისი მეხუთე პრეზიდენტის დაჭერიდან ერთი თვის თავზე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არავითარი ხელშესახები მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, ეს საკითხი ევროკავშირის განხილვის საგნად საერთოდ არ ქცეულა. ამის საპირისპიროდ, უამრავი სისხლიანი დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილის გასათავისუფლებლად მთელი ევროპული აგენტოკრატიაა მობილიზებული, რასაც ერთადერთი მარტივი ახსნა აქვს - მოლდოვურ აგენტოკრატიაში ექსპრეზიდენტის მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებაც დასაშვებია, ხოლო ქართულ დემოკრატიაში არაჟნის კონტეინერით უკანონოდ შემოპარული სისხლიანი დიქტატორის პატიმრობაც კი დანაშაულია;

- ასევე, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უკრაინას დაუწერეს და მიაღებინეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული აგენტოკრატიის გამაგრებას ისახავდა მიზნად. ამ კანონს ევროკომისიის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინული კანონი, პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით თარგმნა და მიიღო, რასაც იმავე ევროკავშირის მხრიდან სერიოზული შფოთვა მოჰყვა. მიზეზი აქაც მარტივი ასახსნელია - ის, რაც უკრაინას აგენტოკრატიის გასამაგრებლად მოუფიქრეს, საქართველოში დემოკრატიას გაამაგრებს, რაც ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ეს ორი მაგალითიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრობლემების ერთადერთი სათავე ისაა, რომ აგენტოკრატია არ არის და არა გარე ძალების კარნახით, არამედ ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს - ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, თუ რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ.

ევროპარლამენტს აღებინებენ რეზოლუციებს, ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე, ცდილობენ სახელმწიფოებრიობის შერყევას - ყველა ეს ფაქტი იძლევა ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქართველოს უკრაინის ბედისკენ ექაჩებიან და ამ ბედის დღემდე არგაზიარების გამო სჯიან.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა ამ გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს, რათა შეცდომა არ დავუშვათ, სუვერენიტეტი და მშვიდობა შევინარჩუნოთ და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უზრუნველვყოთ.

გვესმის, რომ ქართული ოპოზიცია არსებითად აგენტურით არის დაკომპლექტებული. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე უშუალოდ არა აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, მათაც მოვუწოდებთ, კარგად გააცნობიერონ ყველა ის მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნისა და მისი მშვიდობის და არა თავს მოხვეული ომის მხარეს,"- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში