საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

03 იანვარი 2023, 12:39 604 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტად, 27.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 17.5 – პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტით; თევზეულზე ფასებმა 13.4 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ზეთი და ცხიმი – 6.8 პროცენტით.

"ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.7 პროცენტით, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: სატრანსპორტო მომსახურება (-2.9 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (-1.5 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.0 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-1.1 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8-პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე"- აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში