დაუსრულებელ კორპუსში მცხოვრებლები ელექტროენერგიის ჩართვას ითხოვენ

03 იანვარი 2023, 14:50 889 ნახვა

ბათუმში, წერეთლის ქუჩის 8 ნომერში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ბინებში ელექტროენერგიის  შეყვანა მოითხოვეს. ახლად აგებულ კორპუსში, სადაც 17 ოჯახი უკვე ცხოვრობს, პირველ იანვარს გვიან ღამით სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების განმარტებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რადგან სახლში ელექტრო ენერგია მეზობელი ოჯახებისგან კუსტარულად ჰყავთ შეყვანილი.  

მრავალსართულიანი კორპუსი მშენებლის მიერ სამუშაოების დაუსრულებლობის გამო ჩაბარებული არ არის. სწორედ ამ მოტივით საცხოვრებელში არც გაზია შეყვანილი და ორი დღეა არ მიეწოდებათ ელექტროენერგიაც. მესაკუთრეები ამბობენ, რომ  ბინები გაფორმებული აქვთ. პრობლემის მოსაგვარებლად კი კომპანიის წარმომადგენლებს ვეღარ უკავშირდებიან.  

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ სერვისების მიწოდებაზე ნებართვის გაცემის უფლება მხოლოდ საცხოვრებლის ჩაბარების შემდეგ აქვთ, ამ ეტაპზე კი მოქალაქეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მშენებელია.

კომპანია ''ენერგო-პრო ჯორჯიაში'' გვითხრეს, რომ აღნიშნულ მშენებელ კომპანიას საცხოვრებელი სახლის ქსელზე მიერთებისთვის მცხოვრებლების აბონენტებად რეგისტრაციისთვის არ მიუმართავს. დაზარალებულ მოქალაქეებსა და მშენებელ კომპანიას შორის სასამართლო დავაც მიმდინარეობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში