პალესტინა ისრაელის ახალ მთავრობას პროვოკაციაში ადანაშაულებს

03 იანვარი 2023, 14:01 538 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაცია შესაძლოა  ისრაელის ახალი ულტრამემარჯვენე ეროვნული უშიშროების მინისტრის  იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ვიზიტმა გამოიწვიოს. იტამარ ბენ-გვირის ეს ნაბიჯი უკვე  დაგმეს პალესტინელებმა და მას პროვოკაციული უწოდეს. "ტაძრის მთა ღიაა ყველასთვის" - ასე გამოეხმაურა მინისტრი ტვიტერზე მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს. 

ისრაელის მთავრობის განცხადებით, მინისტრის 15 წუთიანი ვიზიტი ეგრეთ წოდებული სტატუს კვოს შესაბამისად განხორციელდა, რომელიც არამუსლიმებს საშუალებას აძლევს ეწვიონ ტაძარს  იმ პირობით, რომ ისინი არ ილოცებენ. 

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იგი „მტკიცედ გმობს ექსტრემისტ მინისტრ ბენ-გვირის მიერ ალ-აქსას მეჩეთის მონახულებას და განიხილავს მას, როგორც უპრეცედენტო პროვოკაციას და კონფლიქტის საშიშ ესკალაციას“.   

პალესტინის რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელმა, რომელიც უარყოფს ისრაელთან თანაარსებობას, განაცხადა, რომ ალ-აქსა არის და იქნება  პალესტინელების, არაბების და ისლამისტების... და ვერც ერთი ფაშისტი ვერ შეცვლის ამ ფაქტს“. ალ-აქსას კომპლექსი, არის ისლამის რიგით მესამე სიწმინდე. ის ასევე არის იუდაიზმის ყველაზე წმინდა ადგილი.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ  მეექვსე ვადით დაიკავა ისრაელის პრემიერის პოსტი, პირობა დადო, რომ წმინდა ადგილების გარშემო „სტატუს კვოს“ შეინარჩუნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში