ლევილის მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებულია, მიმდინარეობს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების დახარისხება ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით-კულტურის სამინისტრო

03 იანვარი 2023, 20:18 653 ნახვა

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ საფრანგეთში ლევილის მამულის, კერძოდ, შატოს სხვენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში.

„სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია, იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სხვენში არაერთი წლის მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა არამარტო სხვენს, არამედ მთლიანად შატოსაც, შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს (საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ).

მანამდე კი, 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან.

ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ლევილის მამულის გუშაგის სახლში (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის #2022 განკარგულება) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895.74 ევრო.

პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება (2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო.

რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად.

რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა.

სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა. გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა, მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი სრულად აღრიცხა, პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად. ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას. 2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია „Scop Val’Emploi“-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კომპანიამ „სკოპ ვალ’ამპლუა“ ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5 977,80 ევროს ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში