მივმართავთ მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე - ლაშა ხუციშვილი

09 იანვარი 2023, 15:56 555 ნახვა

დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა. ამ მიმართულებით, დღეს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს 75 მლნ დოლარის გამოყოფის თაობაზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ თანხასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე, ბუნებრივია, წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა. თანხის ოდენობაზეც და მიმართულებებზე უკვე შეთანხმებული და შეჯერებული ვართ მსოფლიო ბანკთან. შესაბამისად, ეს პროცედურა იმ პროცესის დაწყებაა, რაც პროექტის განხორციელების საწყის ეტაპებს გულისხმობს. 75 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით, ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაჯდება და დაიხარჯება საქართველოს მიერ, ასევე, სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე, 5 მილიონი ევროს ოდენობით გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ ასევე ფინანსურ საკითხებში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, ტექნიკური კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლისთვისაც 2.5 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაა გამოყოფილი და მიმდინარე წელს დასრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში