სააკაშვილის სასამართლო პროცესი

11 იანვარი 2023, 14:26 603 ნახვა

3 საათია  თბილისის საქალაქო სასამართლოში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის  სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით   პროცესი მიმდინარეობს.  სხდომაზე  ამ წუთებში  უცხოელ ექსპერტს სტიუარტ ფინკელს  უსმენენ. იგი ჩვენებას სასამართლოს დისტანციურად ამერიკის შეერთებული შტატებიდან აძლევს.

უცხოელი პროფესორი იმ დიაგნოზებზე საუბრობს, რომლებიც ჩატარებული კვლევების  საფუძველზე  მან მიხეილ სააკაშვილს დაუსვა. მისი  განმარტებით, საგანგაშო დიაგნოზებს შორისაა ქრონიკული  ეროზიული გასტრიტი, ჰიატუსის  თიაქარი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.

სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება. სავარაუდოდ სასამართლო დღეს ასევე მოუსმენს  ნობელის პრემიის ლაურეატ ექიმს ჯეიმს კობს. 

დღევანდელ  პროცესზე მოსამართლე   გიორგი არევაძემ თარჯიმნის აცილებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  ნიკა აბრამიშვილი თარჯიმან ლევან მეტრეველის მიკერძოებული  განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, მხარეს არ დაუსახელებია არც ერთი დოკუმენტი თარჯიმნის მიერ არასწორი ან მიკერძოებული თარგმნის შესახებ. საქმის განხილვის  პარალელურად   სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში